აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი

აფხაზეთის მთავრობის დადგენილება

N23 2007 წლის 30 მარტი, ქ. თბილისი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონის მე-5 მუხლის ,,ბ” პუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის N37 დადგენილება ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”. 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე                                                                                           მ. აკიშბაია

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი (შემდგომში _ დეპარტამენტი) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებაა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონის მე-11 მუხლის თანახმად ხელმძღვანელობს მისთვის მინდობილ მმართველობის დარგებს ან ახორციელებს დარგთაშორის მართვას; ასრულებს კანონით განსაზღვრულ ან აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივი აქტების საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 2. თავისი ამოცანების განხორციელებისას დეპარტამენტი წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას. 3. დეპარტამენტი თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ”’ საქართველოსა და აფხაზეთის კანონებით, ამ დებულებით და საქართველოსა და აფხაზეთის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 4. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და ანგარიში ხაზინაში. 5. დეპარტამენტი ფინანსირდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის. 6. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა

მუხლი 2. დეპარტამენტის მმართველობის სფერო და ამოცანები დეპარტამენტის მმართველობის სფერო და ამოცანებია:

ა) ზემო აფხაზეთის, გალის რაიონის და საქართველოს რეგიონებში განსახლებული დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა, მათი დასაქმება სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების საქმეში, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებაში დახმარების გაწევა, აფხაზეთის აგროსასურსათო სექტორის რეაბილიტაციის პროექტების შემუშავება და მათი განხორციელება; ბ) აფხაზეთის სამელიორაციო, მცენარეთა დაცვის, ვეტერინალური, სურსათის უსაფრთხოების, აგრონომიული, საინჟინრო-ტექნიკური და სხვა სახის მომსახურეობის სტიმულირება და განვითარება; გ) სოფლის მეურნეობის, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოებისათვის ხელშეწყობა; დ) მიწის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების, სოფლის მეურნეობის მმართველობითი რგოლების ორგანიზაციულ-მეთოდური ხელმძღვანელობა და კონსულტირება; ვ) ტრანს-სასაზღვრო რეგიონებში საერთო ეკოლოგიური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ზ) კომპაქტურად ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკოლოგიური პრობლემების მონიტორინგი, გეოინფორმაციული სისტემის პროგრამისათვის მასალების მოძიება; თ) სატყეო დარგის შემდგომი განვითარებისათვის თანამშრომლობა ადგილობრივი, საერთაშორისო, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

მუხლი 3. დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანი დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანია:

ა) განახორციელოს სექტორის განვითარების პროგრამებისა და პროექტების შესრულების კონტროლი, დადგენილი წესით მიიღოს ანგარიშგება; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავოს და გამოსცეს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტები; გ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებანი; დ) პერიოდულად მოახსენოს აფხაზეთის მთავრობას მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მიმდინარეობა; ე) უზრუნველყოს ურთიერთობა დევნილ მოსახლეობასთან უშუალოდ ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით; ვ) განახორციელოს კანონმდებლობით, მთავრობის დადგენილებითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელიც კანონმდებელობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. 2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე. 3. დეპარტამენტის თავმჯდომარე: ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და წყვეტს დეპარტამენტის გა მგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულების მიმდინარეობას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას დეპარტამენტის საჯარო მო ხურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე; გ) კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს; დ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის შემოსავლ სა და გასავლის საკითხებზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, ბიუჯეტის პროექტზე. იღებს გადაწყვეტილებას საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის; ე) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ; ვ) ახორციელებს საქართველოს და აფხაზეთის კანონებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს. 4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, მათ შორის ერთი – ამავდროულად, არის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო სამმართველოს უფროსი. (20.07.2009. N9, მუხლი 13) 5. დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებით, დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნისას, დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. (20.07.2009. N9, მუხლი 13) 6. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. (20.07.2009. N9, მუხლი 13) 7. დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტას. (20.07.2009. N9, მუხლი 13)

მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) დეპარტამენტის თავმჯდომარის აპარატი, რომლის ძირითადი ფუნქციაა თავმჯდომარის საქმიანობისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა; ბ) სოფლის მეურნეობის განვითარების, მიწათსარგებლობისა და მელიორაციის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა გალის რაიონის, ზემო აფხაზეთის და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული დევნილი მოსახლეობისათვის დახმარების გაწევა სასოფლო- სამეურნეო სამუშაოების ჩატარებაში, შესაძლებლობის ფარგლებში, მათი უზრუნველყოფა მატერიალური საშუალებებით. აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ, დაბრუნებული დევნილი მოსახლეობის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, სათანადო პროგრამების მომზადება მიწათსარგებლობაში სახელმწიფო პოლიტიკის განსახორციელებისათვის. გალის რაიონის კოლხეთის ზონის სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის პროექტის შემუშავება და მისი პრაქტიკული განხორციელებისათვის საჭირო წინადადებების წარმოდგენა; გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებისა და პროექტების მართვის განყოფილება, რომლის ფუნქციაა დევნილი მოსახლეობისათვის სოფლის მეურნეობაში ბიზნეს- პროექტების შემუშავებაში და განხორციელებაში ხელშეწყობა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარება, აგროსასურსათო სექტორში მოსალოდნელი პროექტების შესახებ დევნილთა ინფორმირება, აგროსასურსათო სექტორში დევნილ მოსახლეობაში არსებული ახალი წინადადებების მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი ტექნიკურ – ტექნოლოგიური სტიმულირება; დ) ბუნებრივი რესურესების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა განახორციელოს კონტროლი ბუნებრივი რესურსების მიზნობრივად გამოყენებაზე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ათვისებული ბუნებრივი რესურსების ეკონომიკურ ეფექტიანობაზე, ასევე, ბუნებრივი რესურსების ათვისების მიმდინარეობისას, უზრუნველყოს კანონმდებლობის სრული დაცვა; ე) გარემოს დაცვის სამმართველო, მასში შემავალი ერთი განყოფილებით. სამმართველოს ძირითადი ფუნქციაა ტრანს-სასაზღვრო რეგიონებში საერთო ეკოლოგიური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, კომპაქტურად ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკოლოგიური პრობლემების მონიტორინგი, გეოინფორმაციული სისტემის პროგრამისათვის მასალების მოძიება, დაცული ტერიოტორიების შექმნის მიზანშეწონილების შესახებ პროგრამის მომზდება და მის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობის მიღება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. ვ) რისკის ანალიზისა და შეფასების სამმართველო. სამმართველოს ძირითადი ამოცანაა გალის რაიონის ტერიტორიაზე ვეტრინარულ-ინვაზიური და სხვა სახის დაავადებათა მედიკამენტოზური მკურნალობა, საშიშ ინფექციურ დაავადებათა და საკარანტინო მავნებელთა გამოვლენა და დეპარტამენტის საშუალებით სათანადო ინფორმაციის მიწოდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სურსათის ეროვნული სააგენტოს აფხაზეთის რეგიონალური სამმართველოსათვის პრაქტიკული და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღმკვეთი ღონისძიებების ჩასატარებლად. (10.02.2011 N 3 ძალაშია 2011 წლის 16 მარტიდან (23.02.2011 N 6)) ზ) დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება _ სატყეო სამმართველო, რომლის უფროსი ითავსებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას. სამმართველო შედგება ტყის მართვის, ეკონომიკური განყოფილებისა და სატყეო უბნისაგან. სატყეო სამმართველო, ზემო აფხაზეთში სატყეო დარგის განვითარებისათვის, მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ, საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. სამმართველოს საქმიანობის სფერო განისაზღვრება “საქართველოს ტყის კოდექსით,“ “გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით.

მუხლი 6. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.