აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი

ვახტანგ ყოლბაიამ სამეგრელოში აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით მიმდინარე დევნილთა დასაქმების პროექტები მოინახულა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარიამ სამეგრელოში, სოფელ რუხში ასოციაცია „აგორას“ პროექტს გაეცნენ. აღნიშნული ასოციაცია საერთაშორისო დონორებთან აქტიურად თანამშრომლობს და ორიენტირებულია დევნილთა დასაქმებაზე. ზემოთხსენებული პროექტი ასოციაცია „აგორამ“ აფხაზეთის მთავრობის შუამდგომლობით, იაპონიის საელჩოს პროგრამა „გრასრუტში“ გრანტის მოპოვების შემდეგ წამოიწყო. ორგანიზაციამ სოფელ ხურჩაში, 3 000 კვ. მ მიწის ნაკვეთზე სასათბურე კონსტრუქციის მშენებლობა დაიწყო და პროექტის ფარგლებში, სეზონზე 70-მდე დევნილი დასაქმდება. აქედან, მუდმივად სამუშაოს 15-მდე დევნილი მიიღებს. ადგილზე მიმდინარეობს მიწის დამუშავების პროცესი, ასევე ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდებითი სამუშაოები. მოსავლიდან შემოსული თანხები მომუშავე დევნილებზე გადანაწილდება.

აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარის, ვალერი ბასარიას თქმით ადგილზე არსებობს სხვა მიწის ნაკვეთებიც, რომლებიც სახელმწიფოს ბალანსზეა და მათი ათვისება მომავალში იგივე პრინციპით მოხდება.
„აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი, მთლიანად აფხაზეთის მთავრობა, არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო ურთიერთობით აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნეს-პროექტებს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ საზღვრისპირა ზოლში მცხოვრებ დევნილთა დასაქმების პროექტებს. ერთ-ერთი ამჟამად მიმდინარე პროექტი, რომელიც ხორციელდება იაპონიის საელჩოს „გრასრუტის“ პროგრამის ფარგლებში 3 000 კვ.მ ფართობის სათბურის აწყობას გულისხმობს. პროექტი 70-მდე დევნილის დასაქმებას ითვალისწინებს. ჩვენ მალე დავიწყეთ აქ მცხოვრებ დევნილებს შორის იმ ხალხის შერჩევას, რომლებიც წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობას და უნარს ამ სფეროში სამუშაოდ. ვინც შეირჩევა მათთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები. აქ არის მიწის ნაკვეთები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაშია. სახელმწიფო სამსახურებმა ამ მიწის ნაკვეთების გადმოცემის მზადყოფნა გამოთქვეს, რათა შემდგომში ანალოგიური პროექტები განხორციელდეს. ეს ბრწყინვალე მაგალითია იმისა, როცა სახელმწიფოსა და არასამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობით ძალიან ბევრი შესაძლებლობები ჩნდება დევნილთა დასაქმების კუთხით; ხდება იმ მიწის დამუშავება, რომელიც გამოუყენებელია, იმ მატერიალური აქტივების გამოყენება, რომელიც არალიკვიდირებულია და ადგილზეა. კარგი შედეგები გვაჩვენა წინა პროექტებმა, რომლებიც ეხებოდა მცირე სასათბურე კონსტრუქციების მშენებლობას დასავლეთ საქართველოში. ვთვლი, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია დღევანდელ პირობებში“. – განაცხადა ვალერი ბასარიამ.

აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ასევე მოინახულეს სოფელი ცაიშში გამაჯანსაღებელი კომპლექსის – გოგირდის აბანოების მშენებლობის პროცესი, სადაც ასევე დევნილები არიან დასაქმებულნი.
გარდა ამისა, ვახტანგ ყოლბაია და ვალერი ბასარია ასევე გაეცნნენ სოფელ ტყირში, ეკონომიკის სამინისტროს მიერ აფხაზეთის მთავრობისთვის განკარგვის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე სიმინდის ნათესის სასუქით გამდიდრების პროცედურას. სოფელში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების თქმით, პროექტი წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან წინა წლის უხვმა მოსავალმა მათ ბევრად მეტი სტიმული მისცა.

„გასულ წელს, აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით მოხდა ამ ტერიტორიის დამუშავება, რომელიც 20 წელი უქმად იყო, შეჩერებული იყო მისი ხვნა-თესვა. დევნილ მოსახლეობას მიწის დამუშავება საკუთარი სახსრებით ძალიან ძვირი უჯდებოდა. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ 2015 წელს, აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით, მოხდა ამ მიწის ათვისება, სადაც ამჟამად 15 ოჯახია დასაქმებული და ისინი მთელი წლის სიმინდის მარაგით არიან უზრუნველყოფილი. გასული წლის მაგალითმა დევნილ მოსახლეობას სტიმული მისცა ისევ დაემუშავებინა მიწა და მოეყვანა სიმინდის კულტურა. ახლა მეორედ შეგვაქვს აზოტი და იმედი გვაქვს, ეს პროგრამა კვლავ გაგრძელდება, რადგან მოსახლეობა კმაყოფილია და მიწების ათვისებაც უფრო დიდი მასშტაბებით გაგრძელდება“. – ამბობს აფხაზეთიდან დევნილი გოგა ნაყოფია.

20612_1474780042818652_2472174826593347705_n 11041539_1474780009485322_8376796114594033642_n 11828616_1474780062818650_7586916369986998612_n 11863465_1474780142818642_7514844960646348734_n 11880525_1474780079485315_7978742447946499915_n 11885328_1474780126151977_5762713858772037096_n